საქართველომ წინმსწრებად უნდა დაიწყოს იმ მოთხოვნების განხორციელება, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს

საქართველომ წინმსწრებად უნდა დაიწყოს იმ მოთხოვნების განხორციელება, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის აზრით, საქართველომ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და ყველა იმ მოთხოვნის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს, წინმსწრებად დაიწყოს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაშაძემ განუცხადა, ეს უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციამდე უნდა დაწყებულიყო.

„ჩვენ არ გვჭირდება არავის ნებართვა იმაზე, რომ გამოვიმუშაოთ სამოქმედო გეგმა და ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი უყენებს კანდიდატ ქვეყნებს ან ქვეყნებს, რომლებიც წევრობის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებენ და წინმსწრებად დავიწყოთ ამის დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ რომ, ხელისუფლების შტოების განცალკევება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ლიბერალურ ღირებულებებზე და საწყისებზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს ყველაფერი ბრიუსელს არ სჭირდება, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, მით უმეტეს, რომ ევროპის კავშირის მოთხოვნებში ეს ყველაფერი ჩაწერილია. ამიტომ მკვეთრად, მკაფიოდ, ჭკვიანურად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა უნდა ყოფილიყო უკვე დღეისთვის გამომუშავებული და ჩვენ დაგვეწყო მუშაობა ამ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ევროკავშირში გაწევრიანებაზე პოლიტიკური განაცხადის გაკეთება არ არის ძნელი, ყველა ქვეყანას შეუძლია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე სტატიის შესაბამისად გამოხატოს თავისი სურვილი იმაზე, რომ უნდა ევროპის კავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, ყველა კრიტერიუმს უნდა შევესაბამებოდეთ და რომ შევესაბამებოდეთ, ამისთვის ჯერ საჭიროა კარგი გეგმა, მერე ძალიან მძიმე, შავი, ყოვედღიური სამუშაო ამ გეგმის რეალიზაციისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.