ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-ს მიერ პოლიტიკურ დონეზე დაპირებული მხარდაჭერა პრაქტიკაში განხორციელდეს თქვენს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებში, - ამის შესახებ ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
„ჩვენს ბოლო ორ სამიტზე ნატო-მ საქართველოს არსებითი მხარდაჭერა შესთავაზა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს ის არის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მაგალითად, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუტების განვითარება, ერთობლივი წვრთნები. მთლიანობაში ნატო-ს 40 ექსპერტი ჰყავს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მუშაობენ ქართველ კოლეგებთან ერთად. ყველაფერ ამას ორი მიზანი აქვს: ხელი შეუწყოს საქართველოს ტრანსფორმაციას თავდაცვის სფეროში და ასევე, საქართველო მოამზადოს ნატო-ს შესაძლო წევრობისთვის. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა ეს მხარდაჭერა, საკითხის კომპლექსურობაც გაიზარდა. ამიტომაც გაჩნდა საჭიროება სხვადასხვა სფეროებში მხარდაჭერის შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს. მოხარული ვარ, რომ ერთად შევკრიბეთ 200-მდე ექსპერტი, რომლებიც ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის სხვადასხვა სეგმენტებზე მუშაობენ. ჩვენ ვიმუშავებთ ამ პაკეტის შესაბამისობაში მოყვანაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ნატო-ს მიერ პოლიტიკურ დონეზე დაპირებული მხარდაჭერა პრაქტიკაში განხორციელებული იყოს თქვენს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა შტეფენ ელგერსმა.
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. სემინარში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსი მონაწილეობენ.