მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა

მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა

მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ოფიციალურად ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს ლატვიის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რაიმონდს ვეიონისისთვის ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის რანგში.

„ეს ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად. არაერთი სახელმწიფოს მეთაურმა მიულოცა საქართველოს ეს წარმატება, ლატვიის პრეზიდენტი სწორედ ამ დღეს იმყოფება საქართველოში.
ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია, სწორედ მათთან აქტიური თანამშრომლობით იქნა მიღწეული ეს წარმატება და შემდეგი ნაბიჯებიც, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, სწორედ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობს.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში, ნატო-ს მომავალი სამიტის ფონზე, სადაც ჩვენთვის უაღარესად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ინტერესები იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოში ლატვიის პრეზიდენტი გუშინ ჩამოვიდა. რაიმონდს ვეიონისი ამ წუთებში პრეზიდენტ მარგველაშვილს ხვდება.