გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს. პრემიერმა ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისაუბრა, საიდანაც მთავრობის წევრებთან, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან და მეწარმეებთან ერთად უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრა. 

"დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენ მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის ძველ კულტურულ დედაქალაქში, ათენში, სადაც გვექნება შეხვედრები უნივერსიტეტში, გვექნება პოლიტიკური შეხვედრებიც. ამის მერე გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული და ძალიან დიდი შრომის შედეგია. ეს შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ მოქალაქეების უდიდესი ჩართულობის შედეგად. მინდა ყველას მივულოცო ეს ძალიან დიდი დღესასწაული. ეს არის ისტორიული დღესასწაული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.