ირაკლი ნარმანია

ირაკლი ნარმანია "რუსთავი 2"-ის სიუჟეტზე: არ ვარ დავით ნარმანიას ძმა!

"არ ვარ დავით ნარმანიას ძმა. შეგიძლიათ ამის გადამოწმება ძალიან მარტივად. ასაკშიც შეუსაბამობაა. გაცილებით პატარა ვარ ირაკლი ნარმანიასთან შედარებით. წარმოშობაც სხვადასხვა გვაქვს. ამის დადგენა უმარტივესია, თუ მოინდომებს ადამიანი",- ამის შესახებ იურისტმა, ირაკლი ნარმანიამ, რომლის მტკიცებით, დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს "აიპრესთან"  ბარნოვის 77 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შესახებ "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

სიუჟეტის მიხედვით ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ხოლო მას დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია ლობირებს. ამის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

"აიპრესის" ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურში განცხადება შეტანილია ირაკლი ნარმანიას სახელით, იმ გამონაკლისით, რომ უკანასკნელი დავით ნარმანიას ძმა არ არის. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით იურისტ ირაკლი ნარმანიას, რომელმაც განაცხადა, რომ 2013 წელს არქიტექტურის სამსახურში მართლაც შეიტანა განცახდება, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას ეხებოდა.

"გიდასტურებთ მაგას. მე 2013 წელს, თვე ზუსტად არ მახსოვს, არქიტექტურის აქვს თავისი ვებსაიტი და ხდება ელექტრონული საქმის წარმოება. ამ ვებსაიტის მეშვეობით მე ავტვირთე ერთ-ერთ მიწაზე, ბარნოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე ელექტრონული განაცხადი. ეს საჯარო ინფრმაციაა და ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის თანხმობის გარეშე უბრალოდ პირობების დადგენა გამოითხოვოს.

მერე ეს განაცხადი, მგონი, რაღაც ხარვეზის გამო შეაჩერეს და შარშან დამიკავშირდნენ სამშენებლო კომპანიიდან, რომეიც ახლა ბარნოვის ქუჩაზე აწარმოებს სამუშაოებს. მათი წარმომადგენელი დამიკავშირდა და ჩემივე ნებართვით, ჩემივე გვერდიდან განაახლეს ეს განაცხადი. სულ ეს იყო. გუშინ მე თვითონაც ვუსმენდი "რუსთავი 2"-ზე ამ სიუჟეტს. საერთოდ შეხების წერტილიც კი არ არის ამ თემასთან ირაკლი ნარმანიას, დავით ნარმანიას ძმის. ჩემივე გვერდით, რომელზეც დარეგისტრირებული ვარ http://tas.ge/-ზე, ჩემივე ხელით არის განხორციელებული 2013 წელს ეს განაცხადი. შარშან, დაახლოებით რამდენიმე თვის უკან, არც მახსოვს ზუსტად იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მთხოვეს, რადგან ერთხელ უკვე ატვირთული იყო თქვენი სახელით, განვაახლებთო.

თქვენი პირადი ინტერესი არ არსებობს ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე?

არანაირი პირადი ინტერესი. იმასაც დაგიდასტურებთ, რომ მე ირაკლი ნარმანია არანაირ ნათესაურ კავშირში არ ვარ დავით ნარმანიასთან. არც ძმა ვარ, მით უმეტეს, ქალაქ თბილისის მერის.

თქვენ რა პროფესიის ხართ?

მე ვარ იურისტი და ზუსტად მაგაშია საქმე.

იურისტი ირაკლი ნარმანია, რომელსაც არ გაქვთ ნათესაური კავშირი დავით ნარმანიასთან?

არ ვარ დავით ნარმანიას ძმა. შეგიძლიათ ამის გადამოწმება ძალიან მარტივად. ასაკშიც შეუსაბამობაა. გაცილებით პატარა ვარ ირაკლი ნარმანიასთან შედარებით. წარმოშობაც სხვადასხვა გვაქვს. ამის დადგენა უმარტივესია, თუ მოინდომებს ადამიანი.