პეტრო პოროშენკო გიორგი კვირიკაშვილს:   ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ

პეტრო პოროშენკო გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია: ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", - მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.