საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდება

საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწალვებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს შესთავაზებს. ამჟამად, უკვე დასრულდა ტრენინგის ექვსი მოდულების საცდელი ფაზა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლებაში.  საცდელ ფაზაში ცენტრის 132 ტრენერი იღებდა მონაწილეობას.

„აქტიური სწავლება მასწავლებლებში“ ტრენინგი ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას, სადაც მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და  შეიმუშაონ ამ მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრირების გეგმა.

შესაბამისად, ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული და XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადოს. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს.

საგნობრივი ტრენინგები  2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდება და დაგეგმილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის  საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, რომლებმაც, მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, უკვე გაიარეს ზოგადპროფესიული უნარების კურსის მოდულები 2016-2017 წელს.

ტრენინგი ითვალისწინებს უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მონაწილეობას, შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა  და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.

2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:

1. ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)

2. აქტიური სწავლება საგანში  (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული  - 2 კრედიტქულა)

ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი   2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის  პერიოდში გაივლის. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.