რომის დეკლარაციით ევროპა უარს ამბობს „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და ევროპული ღირებულებების მქონე პარტნიორებისთვის კარს აღებს

რომის დეკლარაციით ევროპა უარს ამბობს „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და ევროპული ღირებულებების მქონე პარტნიორებისთვის კარს აღებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ევროკავშირის რომის დეკლარაცია საქართველოსთვისაც „მრავლისმეტყველი განაცხადია“.

როგორც ბოძაშვილი აცხადებს, 25 მარტს, რომში მიღებული დეკლარაციით ევროპა უარს ამბობს რამდენიმე წლის წინ გაცხადებულ „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და აღებს კარს ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელიც მის ღირებულებებს სტაბილურად იზიარებს.

„ევროკავშირის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი რომის დეკლარაცია საქართველოსთვისაც მრავლისმეტყველი განაცხადია. ის მიანიშნებს, რომ ევროპა მზად არის ბოლო წლების რყევებიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს და რაც მთავარია, რეფორმირდეს. ევროკავშირი 60 წლის წინ დაიწყო როგორც ცოტა ქვეყნის ოცნება, მაგრამ გახდა მრავალი ქვეყნის იმედი, მათ შორის ჩვენი ქვეყნისაც. როგორც ჩანს, ბრექსიტი, საემიგრაციო კრიზისი და მომძლავრებული ულტრამემარჯვენე პოპულიზმი არის არა ის, რასაც ევროკავშირის მოკვლა შეუძლია, არამედ მისი გაძლიერება.

დეკლარაციით გამოხატული 27 წევრი სახელმწიფოს ეს ერთსულოვანი განაცხადი ამის მაჩვენებელია. მაშინ როდესაც ჩვენ გვავქს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უკვე ხვალიდან უვიზო რეჟიმი, ევროპა უარს ამბობს რამდენიმე წლის წინ გაცხადებულ „არაგაფართოების პოლიტიკაზე“ და აღებს კარს ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელიც მის ღირებულებებს სტაბილურად იზიარებს. თუ მივაქცევთ ყურადღებას, ვნახავთ, რომ მანამდე აშკარად გამოხატული გეოგრაფიული წევრობის მიდგომა შეცვლილია და აქცენტი საიმედო პარტნიორობასა და ღირებულებების თანაზიარობაზეა გაკეთებული, რაც ახალი სიტყვაა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში. იმ ეტაპობრივი დაახლოების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან, სწორედ რომ ეს ღია კარის გაცხადებული პოლიტიკა სჭირდებოდა პასუხად“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

25 მარტს, რომში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართა, რომელიც რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავს მიეძღვნა. სამიტის დასასრულს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. რომის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სურთ კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ევროპულ ღირებულებებს და ერთგულნი არიან მათი განხორციელების.