ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს

ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს

ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 ლიდერი, ვამაყობთ ევროკავშირის მიღწევებით: ევროპული ერთიანობის მშენებლობა თამამი და შორსმჭვრეტელი მისწრაფებაა. 60 წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი კავშირები და ხელახლა აგვეშენებინა ჩვენი კონტინენტი, - ნათქვამია რომში შაბათს გამართულ ევროკავშირის საიუბილეო სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი როგორც გლობალურ, ასევე შიდა დონეზე ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებს უპირისპირდება, როგორიცაა რეგიონული კონფლიქტები, ტერორიზმი, საიმიგრაციო კრიზისი, პროტექციონიზმი და სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა.

„მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც იქნება უსაფრთხო, დაცული, აყვავებული, კონკურენტუნარიანი, მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი. ჩვენ გვსურს კავშირი, რომელსაც ექნება სურვილი და შესაძლებლობა მსოფლიოში წამყვანი როლი ითამაშოს და თავისი წვლილი შეიტანოს გლობალიზაციის ფორმირებაში. ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს და ერთგულნი არიან მათ განხორციელებაში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ამასთან, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა პირობას დებს, რომ იმუშავებს ერთად, რათა ევროპა იყოს დაცული და უსაფრთხო.

„ჩვენ პირობას ვდებთ, ვიმუშაოთ, რათა ევროპა დაცული და უსაფრთხო იყოს: კავშირი, სადაც ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და თავისუფლად შესძლებს გადაადგილებას, სადაც ჩვენი გარე საზღვრები დაცული იქნება ეფექტური, პასუხისმგებელი და მდგრადი საიმიგრაციო პოლიტიკის მეშვეობით. ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც მტკიცედ ებრძვის ტერორიზმსა და ორგანიზებულ კრიმინალს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

25 მარტს, რომში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართა, რომელიც რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავს მიეძღვნა.

სამიტის დასასრულს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.