მერიაში შემოდის წერილები და მოთხოვნები, რომ ვარაზისხევში აღარ იყოს ქვაფენილი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ვარაზისხევის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა. მოსახლეობა ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებას ითხოვს.
როგორც ლაშა აბაშიძემ აღნიშნა, მერიაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. "ჩვენ არ გვინდა გადაწყვეტილება მივიღოთ პირდაპირ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ფიქრის გორაზე, ვარაზისხევის გასწვრივ მდებარე ქუჩების მცხოვრებლები ვარაზისხევის გზის საფარის შეცვლას - ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტის დაგებას ითხოვენ, - აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს აქცია გამართეს და თბილისის მერიას მიმართეს, მიიღონ ისეთივე გადაწყვეტილება, როგორიც მათ ელბაქიძის ქუჩის შემთხვევაში მიიღეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საავტომობილო მოძრაობით დატვირთულ ვარაზისხევში ქვაფენილი ხმაურს იწვევს. მათივე განცხადებით, ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილებს შორის გროვდება ქვიშა და მოსახლეობას მანქანების გამონაბოლქვთან ერთად, მტვრის სუნთქვა უწევთ. ვარაზისხევზე გზის საფარის შეცვლის მოთხოვნით მოსახლეობამ თბილისის მერიას განცხადებით უკვე მიმართა.