გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა

ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, საქართველო იდენტობას რელიგიურობასთან ერთად ინარჩუნებდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან წინაპირობაა საქართველოს თავისუფლების აღდგენის. 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ”საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან. ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა. ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსი და სახელმწიფოებრიობა, საუკუნეების განმავლობაში იყო საშინელი დარტყმების წინაშე და ყოველთვის ჩვენს იდენტობას, ჩვენს რელიგიურობასთან ერთად ვინარჩუნებდით. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს, ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან არის წინაპირობა საქართველოს თავისუფლების აღდგენის. 

თქვენო უწმინდესობავ! მე მახსოვს, რამდენად რთული გზა გაიარეთ პირადად თქვენ, რომ ეს მიღწევა ყოფილიყო აღიარებული სხვა ქვეყნების მიერაც და სწორედ ესეც აღინიშნა, რომ 1990 წელს, უკვე მსოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლიერაბა, რომ ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, პირველ რიგში თქვენ, წმინდა სინოდს, მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის. თითოეულ ქართველს, განურჩევლად აღმსარებლობისა, მივულოცავ ამ დღეს და გისურვებთ ერთმანეთის გაძლიერებას, გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.