პატრიარქმა თანამდებობის დატოვების ლოცვა-კურთხევა არ მომცა და დამარწმუნა, რომ ჩემი საპატრიარქოში ყოფნა აუცილებელია

პატრიარქმა თანამდებობის დატოვების ლოცვა-კურთხევა არ მომცა და დამარწმუნა, რომ ჩემი საპატრიარქოში ყოფნა აუცილებელია

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნების მიზეზებს განმარტავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, პატრიარქმა მდივნის პოზიციიდან გადადგომის თაობაზე მისი თხოვნა ერთი თვის განმავლობაში არ დააკმაყოფილა, მდივნის თანამდებობის დატოვების ლოცვა-კურთხევა არ მისცა და დაარწმუნა, რომ მისი საპატრიარქოში ყოფნა აუცილებელია ”ასეთ მძიმე დროს, როცა ეკლესიას ასე უჭირს”.

”ერთი თვის განმავლობაში პატრიარქმა არ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა გადადგომის თაობაზე. მთხოვა, რომ შევხვედროდი, მე მას შევხვდი და ვისაუბრეთ. ის ჩემი მოქმედი მღვდელმთავარია, მე ამავდროულად, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური ვარ. აქედან გამომდინარე, მან არ მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დამეტოვებინა მდივნის თანამდებობა და დამარწმუნა, რომ ჩემი ყოფნა იქ აუცილებელია ასეთ მძიმე დროს, როცა ეკლესიას ასე უჭირს. 14 წელი ვიყავი მისი უწმინდესობის მდივანი. ამიტომ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი თხოვნა, მისი ლოცვა-კურთხევა უნდა შემესრულებინა და უნდა დავბრუნებოდი ჩემს პოზიციას”, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოტკოველმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.