პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, მიმართ იყო პატივისცემის ნაკლებობა

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, მიმართ იყო პატივისცემის ნაკლებობა

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, მიმართ იყო ცოტა პატივისცემის ნაკლებობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ირგვლივ წარმართული დისკუსიის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი მაქსიმალურად შეეცადა დაბალანსებული კანონი მიეღო. „პრეზიდენტის შენიშვნები უმრავლესობისთვის გასაზიარებელი არ აღმოჩნდა და, შესაბამისად, მიღებულია გადაწყეტილება ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. ვეტო არის კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმი და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია ამ ფუნქციის გამოყენება. სამწუხაროდ, იმ მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც ჩვენ გადმოგვეგზავნა, ვფიქრობთ, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიმართ იყო ცოტა პატივისცემის ნაკლებობა, მაგრამ არა უშავს, ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატია და მას შეუძლია დაადოს ვეტო, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება გადავლახოთ, როდესაც არ ვეთანხმებით მოტივირებულ შენიშვნებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომლებმაც შეიძლება ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. „თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამ საკითხზე, ჩვენ ვნახავთ... ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე წინასწარ რაღაც მოლოდინების ქონა არ არის სწორი. სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად დაიწყო სწორედ კანონის ცვლილებებზე მუშაობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება შესრულებულია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ არის შესრულებული, შეუძლია, ხელახლა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.