მოსკოვი თბილისის პროვოკაციულ განცხადებებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში ჟენევის ფორმატში დიალოგის ჩაშლის საბაბად მიიჩნევს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ბოლო დღეები თბილისის პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებების „ფოირვერკით“ გამოირჩევა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე საქართველომ შეიტანა აშკარად პოლიტიზირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ადგილი ჰქონდა „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო საზღვართან უცხოელი დელეგაციების ახალ „პილიგრიმობას“, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები ახალ- ახალ პროტესტს გამოთქვამენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „პროპაგანდისტური ხმაურის საბაბად ყველაფერი გამოიყენება: აფხაზეთის სამართლიანი გადაწყვეტილება თავის საზღვარზე გამშვები პუნქტების ოპტიმიზირების შესახებ, „სამხრეთ ოსეთთან“ ორმხრივი შეთანხმება, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე რუსეთის ჯარში იმსახურონ, ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში С-300-ის დამატებითი დივიზია განლაგდა და საერთოდ, ფანტასტიური ისტორია იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა საქართველოდან სომხეთში გადავიდა“.
„უეჭველია, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლი სპეციალურად დადგმულია 28-29 მარტისთვის დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ. თბილისი აპირებს განაგრძოს ჟენევის ფორმატში დიალოგის საბოტაჟი. ამიტომაც წინასწარ იქმნება კონფრონტაციულ-ისტერიული გარემო“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.