პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტურია.
სესიაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული რისკების, გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, სამხედრო რეზერვი თავდაცვისუნარიანობის ხერხემალი უნდა იყოს.
”თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე წელია რეზერვის საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან კარგი და ეფექტური. მასზე დისკუსია გაგრძელდება. ჩვენ მივესალმებით სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ჯერ მიმდინარეობდეს კონცეფციაზე დისკუსია და ამის შემდეგ იყოს წარმოდგენილი კანონპროექტი. სიახლე არის ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა. გვეყოლება აქტიური რეზერვი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ისინი მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი. კონცეფციაში სწორად არის გაწერილი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ქვეყანას შეუმცირებს დანახარჯებს და იმავდროულად გაზრდის ეფექტურობას”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.