ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია. აღნიშნულის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ იტალიურ La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით შესაძლებელია, როგორც ამას ვაკეთებთ სირიაში, ახლო აღმოსავლეთში. ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაძლოა პრობლემებს იწვევდეს, მაგრამ მთლიანობაში, შესაძლებლობებს ვხედავ“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, ის არასოდეს იტყოდა, რომ „აშშ საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის“.
ფედერიკა მოგერინიმ ევროპის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
„ევროკავშირს ახლა აქვს შესაძლებლობა თავის თავზე პოლიტიკური ლიდერობა აიღოს. ევროპა ის ადგილია, სადაც ყველაზე უფრო დაცულია ადამიანის უფლებები. ჩვენ მოცულობით მსოფლიოში მეორე ეკონომიკა ვართ და ყველაზე დიდ ბაზარს წარმოვადგენთ“, - აღნიშნა მოგერინიმ.
მისივე თქმით, ტერორიზმზე გამარჯვების შესაძლებლობაში დარწმუნებულია.
„ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტერორიზმი სამხედრო კუთხით და თანაც ახლო მომავალში. თუმცა, უნდა ვუზრუნველვყოთ უფრო გრძელვადიან პერსეპექტივაზე გათვლილი პასუხები, რათა თავიდან ავიცილოთ ახალგაზრდების რადიკალიზაცია“, - დასძინა ფედერიკა მოგერინიმ.