სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან საბრძოლო მასალის შესაძლო კონტრაბანდული ტრანსპორტირების შესახებ წინასწარი მონაცემების უტყუარობის შემოწმების მიზნით, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილ პირებთან მიმართებაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, გრძელდება სხვა გარემოებების გამოკვლევა.
22 მარტს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Игла-ს ამოღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მათ მიმდინარე თვეს მიიღეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდულ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქართულმა მხარემ უარყო და განაცხადა, რომ ოფიციალურ ერევანთან შესაბამის საკითხზე კომუნიკაცია შედგებოდა.