ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ გახდება

ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ გახდება

ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს დარღვევებმა და ეს არ იქცეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძვლად, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ამასთან, ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ზედმიწევნით სწორად ასრულებდა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მივედით იქამდე, რომ გადავედით ვიზისლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ისიც ზედმიწევნით სწორად და კარგად შევასრულეთ, რაც იყო გარანტი და საფუძველი იმის, რომ სულ რამოდენიმე დღეში ჩვენი მოქალაქეები შენგენის ზონაში გადაადგილდებიან უვიზოდ” , - განაცხადა ვიქტორ დოლიძე.

რაც შეეხება რეადმისიის აღსრულების საკითხს, ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ძირითადად, როგორც წესი თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა უწყებები. 

”შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, გეგმაზომიერი და სწორი არსებითი თანამშრომლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს, მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურ მონიტორინგს ჩვენს თანამომოქალაქეებზე, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს დარღვევებმა და ეს არ იქცეს იმის საფუძვლად, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს. მე დარწმუნებული, ვარ, რომ ეს არ მოხდება”, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.