ჟურნალისტები „საკენკზე წამოეგეთ“- ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება

ჟურნალისტები „საკენკზე წამოეგეთ“- ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება

ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. ამის შესახებ ცინცაძემ ”ინტერპრესნიუსს” პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც შესაძლოა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდეს, სადაც თითქმის ყველა სამინისტრო განთავსდება.

ექსპერტი მიიჩნევს, ეს გრანდიოზული პროექტი იდეის დონეზე კარგია, თუმცა განუხორციელებელი.    

”თავად იდეა ბრწყინვალეა და ეს არ არის ჩვენი მთავრობის და გახარიას ნოუ-ჰაუ. მთელ რიგ ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყანებში არის სამთავრობო უბნები, რაიონები, სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული შენობები, პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის რეზიდენცია, მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორი განსახორციელებელია ჩვენთან. მაგალითად, ამერიკაში უმუშევრები დახმარებას იღებენ, იდეა კარგია, მაგრამ ახლა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ეს რომ თქვას, განუხორციელებელია ხომ? ჩვენი, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგი შენობაა და კარგად გაიყიდება, ეს შენობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ავარიულია, მაგ შენობას არავინ არ იყიდის. ასეთი დიდი ადმინისტრაციული შენობები საქართველოში დიდი წვალებით იყიდება და უმრავლესობა ვერ იყიდება. მე მგონია, რომ ეს არის კარგად მოფიქრებული სულ სხვა გეგმა, ჩვენი გაჭირვებიდან ყურადღების რაღაცაზე გადატანის”, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი მთავრობას იმისთვისაც აკრიტიკებს, რომ ჯერ სამთავრობო ქალაქის იდეა გაჟღერდა და ხარჯები დათვლილი არ არის. 

”კვირიკაშვილმა თქვა იდეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ არც გაანგარიშება არსებობს, არც ისაა დათვლილი რამდენი შენობა უნდა აშენდეს, არც ის, რომელი გაიყიდება. მთავრობის კანცელარიის მყიდველის პოვნა წარმოუდგენელია, ელენტარულად იქ რომ სასტუმრო აშენდეს, პარკინგის ადგილიც კი არ ექნება. როგორ შეიძლება იქ სასტუმრო გაკეთდეს? იდეას შემოაგდებენ, აღტკინებული მოქალაქეთა ჯგუფი ”ფინთი არიფივით” ავარდება, იწყება თოქ-შოუები, მიდის საუბარი ვარგა-არ ვარგაზე და მთავარი თემიდან ყურადღება გადადის. ნებისმიერი ხელისუფლება, სადაც განსაკუთარებით მწვავეა სოციალური პრობლემები, ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ნეიტრალურ პრობლემაზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია. ჟურნალისტები „წამოეგეთ ამ საკენკზე“, ამ დროს კი ყურადღება გადატანილია იქიდან, რომ ყოველდღიურად იზრდება დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება და ორი წლის შემდეგ მთავრობას ვინმე თუ შეახსენებს რატომ არ განახორციელეთო, მთავრობა იტყვის, გვინდოდა განხორციელება, მაგრამ მოსახლეობამ არ დაგვიჭირა მხარიო. გაზაფხული საქართველოში ჩვეულებრივ მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს. მე ასე მგონია”, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.