ჯი–არ–სი   ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს გახსნის

ჯი–არ–სი ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს გახსნის

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯი–არ–სი“  ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი არ სი“-ს  პირდაპირი მიყიდვით ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე  5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  1 ლარად გადასცა.

კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და  40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის  სარეალიზაციო ფასი 2 150 ლარიდან-4 700 ლარამდე მერყეობს.

შპს „ჯი–არ–სი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას  რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა. საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.