საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში სენატორ ტოდ იანგს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილეს.
სენატორმა იანგმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის ურყევ მხარდაჭერას და მადლიერება გამოხატა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მინისტრმა აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატასთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან არსებული ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
სენატორმა ქართულ მხარეს აღუთქვა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
”საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე განვითარებას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი”, - განმარტავენ სამინისტროში.