თუ კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას, თუ განცხადება არ მოეწონებათ - მეორე ტიპის, თუ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს - ეს მისაღებია?! - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მარგველაშვილის განცხადებების გამო, საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის, მომავალი წლიდან შემოღებაზე იფიქროს.
”ეს მუქარად ნაკლებად აღვიქვი. ამ გამონათქვამის კომენტირებასაც არ გავაკეთებდი. მე ვფიქრობ, კონსტიტუციური პროცესისთვის ადეკვატური განცხადება არ არის ეს. თუ მე კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას. თუ განცხადება არ მოეწონებათ - მეორე ტიპის კონსტიტუცია, თუ საერთოდ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს - ეს მისაღებია?! ჩემთვის არა, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, რომ კონსტიტუციის მოდელი იმის მიხედვით იცვლებოდეს, როგორ განცხადებას გავაკეთებ მე?!”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს”, - განაცხადა კობახიძემ.