უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, თუმცა საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი პოზიცია უმცირესობაშია

უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, თუმცა საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი პოზიცია უმცირესობაშია

დღესაც არის კონსენსუსი იმაზე, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება არის შესაკვეცი, თუმცა კომპლექტაციის უფლებამოსილებები, მე ვფიქრობ, უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია რომ დავაჯგუფოთ, მას აქვს, კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ფორმალური უფლებამოსილებები და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები.

„ჩემთვის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ანუ ის კომპეტენციები, რომლითაც პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული თანამდებობის პირებს ან მონაწილეობს ამ თანამდებობის პირების გამწესებაში. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს და ჩვენ არსებითად უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება დანარჩენ კომპეტენციებს, დღესაც არის კონსენსუსი იმაზე, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება არის შესაკვეცი. მაგალითად, მას აქვს უფლებამოსილება, ვეტო დაადოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩემი აზრით, ეს უფლებამოსილება მას არ უნდა ჰქონდეს. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. შესაძლებელია, ეს უფლებამოსილებაც შეიკვეცოს, მაგრამ საერთო ჯამში, პრეზიდენტის არჩევის წესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მის ისეთ კომპეტენციებზე, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნას“, - განაცხადა მენაბდემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესს, ვახუშტი მენაბდის პოზიციაა, რომ ჩვენი ქვეყნის კონტექსტში უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. თუმცა მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩანს, რომ მისი პოზიცია უმცირესობაშია.

„როგორც ჩანს, ჩემი ეს პოზიცია არის უმცირესობაში, ამიტომ ახლა, როცა პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესზე არის უმრავლესობა შეთანხმებული, ყოველ შემთხვევაში 2023 წლიდან, ამოცანა არის, შევიმუშავოთ იმგვარი არჩევის წესი, რომელიც იქნება შესაბამისობაში ძალაუფლების ბალანსის პრინციპებთან და ერთ პოლიტიკურ პარტიას, თუნდაც ის საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობდეს, არ მისცემს საშუალებას იმისა, რომ მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი ცენტრის გარშემო“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვის თემაა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას მხარს უჭერს და მათი შეთავაზებაა, რომ ამ წესით მომავალი არჩევნების შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.