ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, როგორც თანამოქალაქეებმა

ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, როგორც თანამოქალაქეებმა

ყველა მოკავშირე, იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ სხვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეფასებებს მაღალ დონეზე აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, რითაც რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს და მდგამს მრავალმხრივ ნაბიჯებს ყველა ფორმატში იმისთვის, რომ რეაგირება იყოს მაქსიმალური.

„ჩვენ, სამწუხაროდ, სხვა არანაირი ბერკეტი არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებიდან საერთაშორისო ჩართულობა იყოს მაქსიმალური. მოხარული ვარ, რომ ყველა პარტნიორი, იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო, სხვა ნებისმიერი მოკავშირე და პარტნიორი - ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რაც ხდება დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და გვინდა, რომ კიდევ უფრო მომხიბვლელი გავხდეთ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კუთხით იმისთვის, რომ რეალური რეინტეგრაცია მოხდეს ხალხთა შორის. ხალხი უნდა დავიბრუნოთ, ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, როგორც თანამოქალაქეებმა და აქედან გამომდინარე ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.