ოკუპაციის გაღრმავების ფონზე მთავრობის, პრემიერ-მინისტრის უმოქმედობა მავნებლობაა, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.
კანდელაკი “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ სახელით რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ინტეგრირებას გამოეხმაურა. დეპუტატის შეფასებით, ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა.
“გამოვხატავთ შეშფოთებას ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯების და ზოგადად უმაღლეს დონეზე მთავრობის პასიურობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ განუხორციელებია ვიზიტი არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, არ დაურეკავს არც ერთ მსოფლიო ლიდერთან. ამგვარი პასიურობა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საპირისპიროა და ხელს აძლევს მხოლოდ ოკუპანტს. “ქართული ოცნება“ დამღუპველ საგარეო პოლიტიკას განაგრძობს და დაჟინებით ცდილობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს, არ შეუქმნას დისკომფორტი. ამის შედეგია სწორედ ის, რომ როცა მსოფლიო ლიდერები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ, ისინი თითქმის აღარ ახსენებენ საქართველოს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.