საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი გუშინ საღამოს ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას; ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება.