ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი მომდევნო კვირას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების გამართვის საკითხს.
„ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა სამი მოსმენით მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებების პაკეტი და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ამის საფუძველზე, ვეტოს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი პაკეტს მომდევნო კვირას, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად - მოაწეროს ხელი აღნიშნულ კანონს თუ ვეტო დაადოს, 10-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ხვალ იწურება.