გასული წლების განმავლობაში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ძლიერი მხარე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საპარლამენტო კონტროლს ეხება.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ზედამხედველობის პრაქტიკა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება და გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს.
„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ძლიერი მხარე გასული წლების განმავლობაში, ნამდვილად საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელებით ბევრად მეტად იყო პარლამენტი დაკავებული, ვიდრე იმით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური კონტროლი განეხორციელებინა. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით საპარლამენტო სისტემის გაძლიერებასთან ერთად, რაც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ხდება, მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ საპარლამენტო კონტროლი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არსებობდეს დაბალანსების და გაწონასწორების შესაბამისი სისტემა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის კვლევას დეტალურად არ გაცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ კვლევაში ასახული რეკომედაციების გაცნობა და გაზიარება და მათი რეგლამენტში ასახვა სრულიად შესაძლებელი იქნება.
„გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევაში გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი გახდება.