თამარ ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ზე - ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და ვასრულებთ გადაწყვეტილებას

თამარ ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ზე - ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და ვასრულებთ გადაწყვეტილებას

ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რითაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

“ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში, სადაც ტელევიზიის დარეგისტრირებისთვის 10 დღეა საჭირო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ესმის, თუმცა აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს.