თუ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის მიმოსვლას არ მიანიჭებს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული საიმიგრაციო შეთანხმება შეიძლება გაუქმდეს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირს ჩვენ შეცდომაში შევყავართ. მაგრამ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის. ჩვენს მოქალაქეებს ასევე აქვთ მოლოდინები. თუ ვიზალიბერალიზაცია არ იქნება, ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ საიმიგრაციო შეთანხმებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთმა საიმიგრაციო შეთანხმების მოთხოვნები შეასრულა და დროა, ევროკავშირმა დანაპირები შეასრულოს, სხვაგვარად ანკარა „საჭირო ზომებს მიიღებს“.
აღსანიშნავია, რომ 13 მარტს ევროკავშირის საქმეებში თურქეთის მინისტრმა ომერ ჩელიქმა ასევე განაცხადა, რომ ანკარამ „უნდა მოახდინოს საიმიგრაციო შეთანხმების გადახედვა“.
„თურქეთი არ არის ვალდებული ამ ეტაპზე განაგრძოს ამ შეთანხმების განხორციელება, ვინაიდან ევროკავშირმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა ომერ ჩელიქმა.
გასულ წელს თურქეთმა და ევროკავშირმა საიმიგრაციო შეთანხმება დადეს. შეთანხმება 6 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს მოიცავდა, რომელიც თურქეთში მყოფ 3 მილიონამდე დევნილს უნდა მოხმარებოდა. თუმცა, თურქეთმა მხოლოდ 677 მილიონი ევრო მიიღო დახმარების სახით ევროკავშირისგან. შეთანხმება ასევე მოიცავდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას თურქეთის მოქალაქეებისთვის.