პრეზიდენტის კამპანია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სასაცილოა

პრეზიდენტის კამპანია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სასაცილოა

პრეზიდენტის განცხადებები და პარალელური პიარ კამპანია, რომელიც მან წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კამპანიის შეფასებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, შეიძლება პრეზიდენტი „რაღაცას გონიერს ამბობს“ და მართლაც განსახორციელებელია საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ერთვებიან. 

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის კამპანია საკუთარი პიარ კამპანიის ნაწილია. „სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიების წევრები, ექსპერტები. კომისიის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის წარმომადგენლებიც, მათ შორის, ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი. არც ერთი მათგანი არც ერთხელ არ მისულა კომისიაზე. ისმის მარტივი კითხვა, თუ პრეზიდენტს რეალურად აქვს სურვილი იმისა, რომ შეიძლება მართლა რაღაც გონიერს ამბობს და მართლაც განსახორციელებელია ეს ცვლილება, მაგრამ არსებობს კომისია, რომელსაც არც ერთი მისი წარმომადგენელი არ დასწრებია. მარტივად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რაც პრეზიდენტმა წამოიწყო, არის მისი პიარ კამპანიის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.