„ნაცმოძრაობის“ წევრები ხალხს აქციის სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ გამოვიდნენ და თქვან, რომ სუს-ის შეკვეთას ასრულებდნენ

„ნაცმოძრაობის“ წევრები ხალხს აქციის სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ გამოვიდნენ და თქვან, რომ სუს-ის შეკვეთას ასრულებდნენ

ჩვენ ვნახეთ ქვეყნის შესუსტების უშედეგო მცდელობა, რომელსაც სახელმწიფომ იმდენად ადეკვატურად უპასუხა, რომ ელემენტარული კითხვის ნიშანიც არ დატოვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბათუმში ”კლანური დაპირისპირება მიმდინარეობს”.

”ეს არის არეულობის რეალური ორგანიზატორის მიერ შემოგდებული ვერსია და ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. ”ნაციონალური მოძრაობა” რომ სოლიდარობისკენ მოუწოდებდა ხალხს ეგ მოგვეჩვენა, თუ როგორ არის საქმე?! მაშინ თქვან, რომ სუს-ის შეკვეთას ასრულებდნენ და უფრო დაუჯერებს ხალხი - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხვდებით, ალბათ, რა სულელურ ლოგიკამდე მივდივართ და ამ ვერსიის ტირაჟირებას ”გაღმა შედავება” ჰქვია. რეალურად ეს არის თავხედობა, რაც საფუძვლიან ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. ჩვენ ვნახეთ ჩვენი ქვეყნის შესუსტების უშედეგო მცდელობა, რომელსაც სახელმწიფომ იმდენად ადეკვატურად უპასუხა, რომ ელემენტარული კითხვის ნიშანიც არ დატოვა და ამით ახალი დემოკრატიული საქართველო და ხალხის მოყვარული ხელისუფლების კიდევ ერთი თვისება წარმოაჩინა”, - განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების კვალს ხედავს.