პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივები მისაღებია, თუმცა ვისურვებდი, რომ თავადაც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივები მისაღებია, თუმცა ვისურვებდი, რომ თავადაც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

ინიციატივები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, მისაღებია და აგრეთვე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კომისიის წევრები კომისიის მუშაობის პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენლებს ძალიან მოისაკლისებენ.

”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრე ვართ. საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა მისაღებია და აგრეთვე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ჩვენ კომისიის წევრები ძალიან მოვისაკლისებთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში”, - აღნიშნა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია გაიმართა. კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კამპანიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ გუნდს.