საკონსტიტუციო კომისიის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს

საკონსტიტუციო კომისიის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს

გამომდინარე იქიდან თუ როგორი დამოკიდებულებაა საკონსტიტუციო კომისიის და კერძოდ, მისი თავმჯდომარის მხრიდან, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პრეზიდენტის კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პროცესში, რომელიც კონსტიტუციის გაჯანსაღებასთან არის დაკავშირებული, მისი პოლიტიკური გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

”უბრალოდ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ და ამაზე გვექნება დამატებითი კონსულტაციები, რომ ეს იქნება შედეგის მომტანი. ბოლო პერიოდში გამომდინარე მოვლენებიდან, გამომდინარე იქიდან თუ როგორი დამოკიდებულებაა საკონსტიტუციო კომისიის და კერძოდ, მისი თავმჯდომარის მხრიდან, ამ პროცესის შედეგთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობს. ერთადერთი რამ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს საკონსტიტუციო კომისიის მხრიდან თანხვედრა, რადგან ხალხის მოსმენა და სახალხო განხილვა სავალდებულოა ყველასთვის დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული საკონსტიტუციო კომისიის წევრებით და თავმჯდომარით”, - განაცხადა გოგორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია გაიმართა. კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კამპანიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ გუნდს.