პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ემუქრება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ემუქრება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ემუქრება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თუ ის არ შეცვლის რიტორიკას, მაშინ უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს გააუქმებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.

,,პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ემუქრება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თუ ის არ შეცვლის რიტორიკას, მაშინ უმრვალესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს გააუქმებს. ეს ძალიან საგანგაშოა, როდესაც უმრავლესობის წევრები პირდაპირ ემუქრებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუ ისინი არ იქნებიან ივანიშვილისთვის მოსაწონი და მათი რიტორიკა არ შეესაბამება ივანიშვილის ნება-სურვილებს. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ფორმატში, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას და ამ შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებთ პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციებშიც“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.