პრეზიდენტი ვის შეხვდება, ჩემთვის საინტერესო არ არის, ჩემთვის საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა

პრეზიდენტი ვის შეხვდება, ჩემთვის საინტერესო არ არის, ჩემთვის საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა

არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე წარმატებულად მუშაობს.

„თუმცა საბოლოო დოკუმენტის დადება ალბათ, უახლოეს მომავალში მოხდება. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო იქნა გაწეული, რომელიც დღეასაც მიმდინარეობს. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს ის საბოლოოდ”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება გიორგი მარგველაშვილის განცხადებები და პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საფუძველი გახდეს, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდნეტის განცხადებებიდან გამომდინარე არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.

„ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას, ჩვენ მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის (კობახიძე) განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობს ადამიანები, ვინც იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი იქნება ძალიან გამართული და მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კალაძემ.