მიხეილ ჯანელიძე - სტრასბურგში ჩემი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა

მიხეილ ჯანელიძე - სტრასბურგში ჩემი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა

ჩემი ვიზიტი სტრასბურგში ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. თუმცა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მან ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, პოლიტიკური პროცესის და მათ შორის მედიაგარემოს შესახებ. 

”მე ვნახე, რომ ჩემს ვიზიტს გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა. იმ პირებს, რომლებიც ამ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობენ, თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმეს, კარგად მოეხსენებათ, რომ არც ერთი ის პირი, რომელსაც მე შევხვდი ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე. 
საქმეს განიხილავს სასამართლო, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის უფლებამოსილი ისაუბროს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ამას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ამიტომ, ყოველგვარი სპეკულაციები გაუგებარია”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ევროსაბჭოსთან წარმართოს ურთიერთობები და მას აღნიშნულ ინსტიტუტთან აქვს თანამშრომლობის ღია პროცესი.

”ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ წარმატებით რეფორმების მიმართულებით. საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამაზე მეტყველებს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი აპლიკაციების სტატისტიკის შემცირება. ეს გულისხმობს იმას, რომ არის ნდობა ჩვენი სასამართლოსადმი და ასევე საქართველოში ადამიანის უფლებები არის ბევრად უფრო მეტად დაცული, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.