უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თემურ ნიშნიანიძე უკრაინის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თემურ ნიშნიანიძე უკრაინის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში თემურ ნიშნიანიძე, რომელიც ამჟამად საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы („ოდესის საკეთილდღეოდ“) ხელმძღვანელობს, პროკურატურამ დღეს, 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა, - იუწყება გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“. 

პროკურატურის თანამშრომლებმა თეიმურაზ ნიშნიანიძეს განუცხადეს, რომ ის ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩორსკის სასამართლოში ნიშნიანიძესთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ. 

2016 წლის 26 მაისს პროკურატურის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიევის სამმართველომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო ღონისძიებები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე გაიხსნა 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ს არაკანონიერი ანაზღაურების გამო. 

როგორც 2016 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, თეიმურაზ ნიშნიანიძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნიშნიანიძემ საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы სახსრების გაფლანგვა მოახდინა.