კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობისა და მაღალი კონსენსუსისთვის პრეზიდენტი კამპანიას იწყებს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობისა და მაღალი კონსენსუსისთვის პრეზიდენტი კამპანიას იწყებს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობისა და მაღალი კონსენსუსისთვის პრეზიდენტი კამპანიას იწყებს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, კამპანიის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

”თქვენ ყველას გახსოვთ, პრეზიდენტის წინადადება საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობა და მაღალი კონსენსუსი. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩართულიყო კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში. შესამაბისად, მინდა გაცნობოთ, რომ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, პრეზენტაციაში ცნობილი გახდება კამპანიის გეგმები და მიზნები.

”ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში, ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს. ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი, ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.