ირაკლი კობახიძე იმეორებს ივანიშვილის მოსაზრებას, რომ მარგველაშვილმა გამოავლინა „განსხვავებული ხასიათი“

ირაკლი კობახიძე იმეორებს ივანიშვილის მოსაზრებას, რომ მარგველაშვილმა გამოავლინა „განსხვავებული ხასიათი“

პრეზიდენტთან პიროვნული დაპირისპირების ფონზე ვხედავთ სახელმწიფოებრივი მიზნების და ამოცანების დაკნინების და უკანა ფონზე გადაწევის მცდელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელოვნურად ხელშეშლაში დაადანაშაულა.

აბესაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტის ჩართლობას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტს შეუკვეცოს უფლებები.

„პრეზიდენტთან პიროვნული დაპირისპირების ფონზე ვხედავთ სახელმწიფოებრივი მიზნების და ამოცანების დაკნინების და უკანა ფონზე გადაწევის მცდელობას. როგორც ჩანს, კობახიძე იმეორებს ივანიშვილის მოსაზრებას, რომ მარგველაშვილმა გამოავლინა განსხვავებული ხასიათი და განსხვავებული ხასიათის გამო, დღეს ამომრჩეველს უნდა წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლება, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს უნდა შევუკვეცოთ უფლებები და ამ ყველაფრით უნდა დავაზიანოთ სახელმწიფო ინსტიტუტები . ნორმალურ შემთხევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს ინტერესები, არამედ ის პოლიტიკა და ნება, რომელიც გამომდინარეობს ივანიშვილიდან,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ კამპანიას ეხმაურება.

კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს „ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ“, ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის სწორედ პარლამენტის პასუხისმგებლობა.