პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს

პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს

პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს, - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელოვნურად ხელშეშლაში დაადანაშაულა.

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი „რეალურ კომენტარს“ არ საჭიროებს. 

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა - აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ კამპანიას ეხმაურება.

კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს „ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ“, ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის სწორედ პარლამენტის პასუხისმგებლობა.