ეროვნულ ბანკსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის პრობლემა იყო, დღეს ეს პრობლემა არ არსებობს

ეროვნულ ბანკსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის პრობლემა იყო, დღეს ეს პრობლემა არ არსებობს

ეროვნულ ბანკსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის პრობლემა იყო, რასაც ხალხი ხედავდა და ხედავდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზიები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, პარლამენტში ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის დაბრუნების საკითხზე მსჯელობა დღეს დაიწყება. 

,,ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით. ამას აქვს ორი არსებითი არგუმენტი. პირველი, თანამშრომლობის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, უკვე აღმოფხვრილია და დღეს ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმია, როგორიც ქვეყანას სჭირდებოდა. მეორე, ვინაიდან საკითხი საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება, დიდი ხანია სამართლებრივ ჩიხშია შესული და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, რომ ფისკალურ და ფინანსურ სფეროში ამან რამე შეფერხებები არ გამოიწვიოს. ამ ორი არგუმენტის გამო მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას. ამას მხარს უჭერენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეროვნულ ბანკსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის პრობლემა იყო. რასაც ხალხი ხედავდა და ხედავდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზიები. დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და ეს პრობლემა რომ მოგვარდა, ეს არის ხელისუფლების დამსახურება“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას 
პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. საკითხის განხილვა მთავრობამ დაჩქარებული წესით მოითხოვა. 

აღნიშნული ცვლილებებით კანონიდან ხდება ყველა იმ ნორმის ამოღება, რომლის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს არც ერთი დღე არ უფუნქციონირია, რადგან ცვლილებები, რომელიც კანონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.