ევროპარლამენტარებმა ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, როგორც სახალხო პარტიიდან, ისე სოციალისტებიდან, ალდედან, კონსერვატორებიდან უთხრეს საქართველოს, რომ „რუსთავი 2“ ერთმა ადამიანმა და ხელისუფლებამ ხელში არ უნდა ჩაიგდოს, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ მსგავსი დამოკიდებულება „რუსთავი 2“-ის მიმართ შენარჩუნდება, საქართველომ ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს გაფრთხილება და დამოკიდებულების გადახედვა.
„ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების მეორე დღეს არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს შესრულებული და მას პატივი უნდა ვცეთ. ყველა გზავნილი, რომელიც ჩვენ გვესმის, გაიმეორეს ევროპარლამენტარებმა. ეს ნამდვილად სამარცხვინო წერილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. თუ მსგავსი დამოკიდებულება „რუსთავი 2“-ის მიმართ იქნება შენარჩუნებული, ჩვენ ევროკავშირისგან შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება და დამოკიდებულების გადახედვა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.