ანა ნაცვლიშვილი - „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ არის სამართლებრივი ფორმულირება და ამით სპეკულაცია პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მგონია, გამართლებული იყოს

ანა ნაცვლიშვილი - „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ არის სამართლებრივი ფორმულირება და ამით სპეკულაცია პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მგონია, გამართლებული იყოს

„რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ არის სამართლებრივი ფორმულირება და ამით სპეკულაცია პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მგონია, გამართლებული იყოს, - ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლისშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსასამართლოში დაპირისპირება არის ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული საქართველო გამოვა.

„ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოში როცა მოქალაქე ჩივის, საქმეს ყოველთვის ერქმევა მოქალაქის გვარი ან სუბიექტის სახელი, მაგალითად, ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის სამართლებრივი ფორმულირება და არ მგონია, რომ ამ სამართლებრივი ფორმულირებით სპეკულაცია იყოს გამართლებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა გვესმის პარლამენტის თავმჯდომარისგან. სამწუხაროდ, მე მახსენდება, რომ წინა ხელისუფლების დრო ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ზუსტად ამაზე აპელირებდნენ და რიგ შემთხვევებში, კულუარულად თუ ღიად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯები არ გადაედგათ და არ წასულიყვნენ სტრასბურგში. ამას მაშინაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რიტორიკა კვლავ გაგრძელდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ევროსასამართლოში არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.