ცალსახად იკვეთება, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ იყო საკმარისი

ცალსახად იკვეთება, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ იყო საკმარისი

”რუსთავი 2”-ის საქმეზე მთავრობამ ევროპული სასამართლო სათანადოდ ვერ დაარწმუნა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” იურისტმა ლია მუხაშავრიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მუხაშავრიას თქმით, გადაწყვეტილება, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაახანგრძლივა, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის განცხადება და მოვლენა, რომელიც მიმდინარე დღეებში განვითარდა. 

”ვინაიდან ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, ანუ სასამართლო ნამდვილად ძალიან სერიოზულად ეკიდება მხარეთა მიერ წარდგენილ დასაბუთებას და არგუმენტაციას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობამ სათანადო დასაბუთებით ევროპული სასამართლო ვერ დაარწმუნა. ეს ცასლასახდ იკვეთება იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. პროცესის მსვლელობისას გამოიკვეთება რას ითხოვს მომჩივანი მხარე, ანუ ”რუსთავი 2” და რა არგუმენტები ექნება საქართველოს მთავრობას.

ის, რა გადაწყვეტილებაც უკვე დადგა, ვფიქრობ, ძალიან ბევრზე მეტყველებს. ვფიქრობ, ევროპული სასამართლო არ დაეყრდნო მხოლოდ იმ მასალებს, რომელიც გაგზავნეს ”რუსთავი 2”-ის იურისტებმა, არამედ დაეყრდნო სხვა მასალებსაც, ვინაიდან ყოველ დღე შუქდებოდა მოვლენები. ეს საკმარისზე მეტი საფუძველია ევროსასამართლოსთვის, იცოდეს ფაქტების შესახებ, იცოდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ცალსახად იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ იყო საკმარისი. ობიექტურად საქმე ისეთია, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან გაუჭირდებოდა, როგორი კარგი იურისტებიც უნდა ჰყოლოდა ჩართული ამ დასაბუთებაში”, - განაცხადა იურისტმა.