გია ხუხაშვილი - დღეს ჩვენ გავიღვიძეთ სრულიად ახალ რეალობაში

გია ხუხაშვილი - დღეს ჩვენ გავიღვიძეთ სრულიად ახალ რეალობაში

დღეს ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა გავიღვიძეთ სრულიად ახალ რეალობაში, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტეპრესნიუსთან“ საუბრისას "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

„დღეს ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა გავიღვიძეთ სრულიად ახალ რეალობაში. რეალობაში, სადაც ცივილიზებული სამყარო თვითონ მოვიდა ჩვენთან და შემოგვთავაზა ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რომელიც შესაძლოა ახასიათებდეს ქართული სახელმწიფოს ჯერ კიდევ უმწიფარ სხეულს. მოვიდა არა იმისთვის, რომ დაგვსაჯოს, არამედ იმისთვის, რომ ერთად ვუმკურნალოთ სავარაუდო დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, ამასთანავე ის არის სისტემური გაჯანსაღების უნიკალური შანსი. შანსი იმისა, რომ გამოვიდეთ იმ მანკიერი წრიდან, რომელზეც ვტრიალებთ მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე და სწორხაზოვანი განვითარების გზაზე გავიდეთ.

მესმის, რომ ახლა დიდია ცდუნება ერთსა თუ მეორე მხარეს, რომ ისევ დავიყოთ პოლიტიკურ ბანაკებად და გადავეშვათ დაპირისპირების ახალ მორევში, რომლის შედეგადაც მოიგებს ან წააგებს რომელიმე მხარე, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაზარალდება ქართული სახელმწიფო. ჩვენი უახლესი ისტორია სწორედ ამ დრამატიზმით არის გაჟღენთილი და ახლა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მორიგ ჯერზე არ გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვი, ანუ ქართული სახელმწიფოს ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი სხეული.

მთავრი კითხვებია - რით უნდა დავიწყოთ? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი ამ გზაზე? ვის ერგო ეს ისტორიული საპატიო მისია, რომ საქართველოს სახელით უარი თქვას საკუთარ კომფორტზე და ამით ააცილოს ქვეყანას დაპირისპირების ახალი ტალღა? პასუხი მარტივია - ყველა ინსტანციის ის მოსამართლე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ამ პროცესში. მათთან ერთად იუსტიციის საბჭოს მთელი შემადგენლობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო პროცესის მდგრადობა, მიუხედავად ბევრი მიმდინარე კითხვის ნიშნისა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. 

მათ ეს უნდა გააკეთონ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულნი, რადგან სასწორზე დევს ბევრად უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე თვითოეული ჩვენთაგანის პირადი მომავალია. მითუმეტეს, რომ თუ პროცესმა მათი სიმართლე დაამტკიცა, ქართული საზოგადოება აუცილებლად მისცემს მეორე შანსს, რომელსაც ისინი უფრო გაძლიერებულნი, წელგამართულნი გამოიყენებენ.

ჩემი აზრით, ეს არის გამოსავალი ხელისუფლებისთვის, სასამართლო სისტემისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოსთვის.

კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსამართლეებს სამ მარტივ ჭეშმარიტებას: არ იქნება სასამართლოს ნდობა? არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სასამართლოს ნდობა? არ იქნება ევროპული მომავალი! პატრიოტიზმი გულისხმობს უნარს, დათმოთ საკუთარი კომფორტი საქართველოს სახელით.

და ბოლოს მინდა მათ იცოდნენ, რომ მათი მხრიდან გაჯიუტებას, მაღალი ალბათობით, ბევრად უფრო მძიმე შედეგი მოყვება არა მარტო მათთვის, არამედ ყველასთვის და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ახლა იწერება ისტორია და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რა ფერის ასოებით ჩაიწერება მათი სახელები მასში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.