გირგვლიანისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები - სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვისას მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ

გირგვლიანისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები - სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვისას მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ

სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამასთან, ისინი ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლე ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ. 

როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნონა წოწორია 2004-08 წლებში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. რაც შეეხება ადვოკატ ოთარ კახიძეს, გურამ გირგვლიანის თქმით, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა მოექცეს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის გავლენის ქვეშ. 

”ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს ”ნაციონალური მოძრაობისა” და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1-ელ თებერვალს გაუვიდა ვადა”, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 

2017 წლის 8 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ეხება მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტს.