ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ იყო შესაქმნელი, მაშინ რისი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო მარგველაშვილი?!

ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ იყო შესაქმნელი, მაშინ რისი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო მარგველაშვილი?!

უამრავი რამ არის მოსაწესრიგებელი კონსტიტუციაში და ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, საერთოდ რისთვის შეიქმნა ეს საკონსტიტუციო კომისია, არ ვიციო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

კობახიძე ინტერესდება, თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ იყო შესაქმნელი, მაშინ რისი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო გიორგი მარგველაშვილი?! 

”ძალიან საინტერესო რამ თქვა პრეზიდენტმა, რომ საერთოდ რატომ ცვლით კონსტიტუციას, ამის თაობაზე არგუმენტები არ მომისმენიაო. მე საერთოდ ვერ გავიგე ამ შემთხვევაში რა განცხადებასთან გვაქვს საქმე. ის, რომ კონსტიტუციას შეცვლა სჭირდება, ამას, ვინც კი ერკვევა კონსტიტუციაში, ყველა ეთანხმება. ამას ცხადყოფს იგივე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი ტექსტი კონსტიტუციის არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. უამრავი რამ არის მოსაწესრიგებელი და ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, საერთოდ რისთვის შეიქმნა ეს საკონსტიტუციო კომისია, არ ვიციო. ის ამბობდა, რომ თანათავმჯდომარე უნდა ვიყო ამ კომისიისო და თუ კონსტიტუცია არ იყო შესაცვლელი ან არ იცოდა და დღესაც არ იცის რისთვის უნდა შეცვლილიყო, მაშინ რისი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო? ეს კითხვები ძალიან მარტივად უნდა დავუსვათ ჩვენ თავს და მივხვდებით, ვის მხარეს არის სიმართლე და ვის მხარეს - არა. პრეზიდენტმა არაერთი განცხადებით სცადა დისკრედიტება საკონსტიტუციო კომისიის, ეს იყო შეურაცხყოფა კომისიის და სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ამას შეჩვეული ვართ პოლიტიკოსების მხრიდან. უამრავი პარტიის წარმომადგენელი ყოველდღიურ რეჟიმში იტყუება, მაგრამ ეს სხვა სტანდარტია. თუმცა, როდესაც იგივეს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ეს სულ სხვა შეშფოთებას იმსახურებს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.