დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას უარყოფს

დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას უარყოფს

ევროპის კავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას უარყოფს. 
„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კითხვას ევროკომისრის ოფისმა წერილობით უპასუხა. მასში აღნიშნულია, რომ ლტოლვილთა ბანაკების აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა. ევროკომისრის თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის შედეგად მიიღო.

„ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შემდეგ აკვირდებოდა და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ, როცა საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა”, - აცხადებს ავრამოპულოსის ოფისი.

ამასთან, კომისრის ოფისი გამორიცხვას ვიზალიბერალიზაციაზე სხვა ფაქტორების გავლენას. „მხოლოდ და მხოლოდ სამოქმედო გეგმის და მისი კრიტერიუმების შესრულება გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭა“, - ნათქვამია ევროკომისარის წერილში.

ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში „ამერიკის ხმა“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც რუსულ და ქართულ მედია საშუალებებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ მის ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა ააშენოს. ბანაკების საქართველოში აშენების იდეა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ გააჟღერა.