საქართველოს პარლამენტში CPT წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

საქართველოს პარლამენტში CPT წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

საქართველოს პარლამენტი 2017 წლის 7 მარტიდან აცხადებს კონკურსს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) წევრობის კანდიდატების შესარჩევად.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი  ევროპის საბჭოს “წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის” საფუძველზე დაარსდა. კომიტეტი დაკავების ადგილებში ვიზიტების საშუალებით ამოწმებს მოპყრობას თავისუფლება აღკვეთილი პირების მიმართ და აქვეყნებს ანგარიშებს არსებული მდგომარეობის შესახებ. 

კომიტეტის წევრად არჩევისთვის წევრი სახელმწიფოები ეროვნულ დონეზე შერჩეულ სამ კანდიდატურას სთავაზობენ ევროპის საბჭოს. მინისტრთა კომიტეტი ოთხი წლის ვადით ირჩევს კომიტეტის წევრს.

კომიტეტის წევრები შეირჩევიან მაღალი მორალური თვისებების მქონე პირთაგან, რომლებიც ცნობილნი არიან ადამიანის უფლებათა დარგში თავიანთი კომპეტენტურობით და გააჩნიათ კონვენციით მოცემულ სფეროში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, ასევე უნარი ეფექტურად ემსახურონ კომიტეტს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

უმაღლესი განათლება სამართლის, სოციოლოგიის ან მედიცინის დარგში;

ადამიანის უფლებების საუკეთესო ცოდნა და ამ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების სრულყოფილი ცოდნა;

საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

მაღალი მორალური თვისებები;

კომპეტენტურობა და მაღალი პროფესიული რეპუტაცია;

პოლიტიკური ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა; 

ინგლისური ენის კარგად ფლობა (ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის - ფრანგულის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.)

განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:

ბიოგრაფია (Curriculum Vitae) უნდა იყოს წარმოდგენილი ვორდის (Microsoft Word) ფორმატში ინგლისურ ენაზე თანდართული ნიმუშის მიხედვით.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 21 მარტამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cpt@parliament.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

განცხადებების გადარჩევა;

გასაუბრება.

გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი.